2019 წლის 22 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „ ქართული ფსიქიატრიის ისტორიის“ ალმანახის (ნარკვევები),  პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს მე-5  პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ-ის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თემურ სილაგაძე, პროფესორი გიორგი ნანეიშვილი, ექიმი ლადო კახაძე და სხვა.



ფსიქიატრიის ისტორიის ალმანახის პირველი ტომი ხუთი წლის განმავლობაში იქმნებოდა და მის შექმნაში  მონაწილეობა მიიღეს ქართული ფსიქიატრიის სკოლის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა: თეიმურაზ სილაგაძემ, გიორგი ნანეიშვილმა, ზურაბ ბერიამ, დოდო დუდუჩავამ და მარინა ნემსიწვერიძემ.





ალმანახის შექმნის მიზანია, არ მიეცეს დავიწყებას ქართული ფსიქიატრიის სკოლის ისტორია, მისი მიღწევები, იმ ადამიანთა სახელები და ღვაწლი, რომლებმაც შექმნეს ამ სკოლის სახე. არ დაიკარგოს დოკუმენტები, წერილები, მცირედი ჩანაწერებიც კი, რომლებიც ნათლად გვანახებს ვითარებას ქართული ფსიქიატრიის სხვადასხვა პერიოდში. იდეას გამოეხმაურა ბევრი ადამიანი, რომლებიც დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მიუდგა ქართული ფსიქიატრიის დავიწყებული სახეებისა და მოვლენების აღდგენას. მოიძებნა მრავალი, დღეისათვის უცნობი და დავიწყებული დოკუმენტი, შეგროვდა უამრავი ბიოგრაფიული და სამეცნიერო მასალა, შეიქმნა ფოტოსურათების უნიკალური ალბომი.